ინდოელმა მსახიობმა, გორავ ჩოპრამ, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას იღებდა, პროექტი დატოვა, იგი ინდოეთში უკვე გაემგზავრა. პროექტის დატოვების გადაწყვეტილება კონკურსანტმა არხთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიიღო.
„დიდი მადლობა, ეს სიტყვები არ არის საკმარისი იმ მადლიერების გამოსახატავად, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ ვგრძნობ. ამიტომ მხოლოდ მადლობას არ დავჯერდები, ეს ვალია, რომლის გადახდასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შევეცდები“, - განაცხადა ჩოპრამ.
მისი განცხადებით, საქართველოში გატარებული კვირები სიზმარს ჰგავს და გული სწყდება, რომ პროექტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუწია.
„მინდოდა ცეკვა გამეგრძელებინა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროექტის დატოვება არხის ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღე. გული მწყდება და მადლობას ვუხდი გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის“, - დასძინა ინდოელმა მსახიობმა.
სამშობლოში გამგზავრებამდე, ჩოპრამ თბილისში გაისეირნა და ის ადგილები დაათვალიერა, რომლებიც მისი თქმით ძალიან მოენატრება.
„აქ გატარებული დრო ჩემთვის სიზმარივით არის. როდესაც სახლში დავბრუნდები ალბათ უკეთ გავიაზრებ ყველაფერს, რაც აქ გადამხდა. აჭარული ცეკვა სწრაფად ვისწავლე, იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მოტივირებული ვიყავი, ამ ცეკვამ დიდი სიხარული მომანიჭა, რადგან თითოეული მოძრაობით ვცდილობდი მეთქვა თუ როგორ მიყვარს და როგორი მადლიერი ვარ ქართველი ხალხის“, - აღნიშნავს ვარსკვლავი.