"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პირველ კომენტარს აკეთებს. თარგამაძე ავტომობილის აფეთქების დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ აფეთქება დისტანციური მართვის პულტის საშუალებით მოხდა.
თარგამაძე მისი მისამართით განხორციელებულ მუქარის ზარებზეც საუბრობს.
,,ოფისიდან გამოვედი, როგორც ყოველთვის ვმოძრაობთ, მძღოლი იჯდა საჭესთან ამოვუხვიეთ კოლმეურნეობის მოედანზე და ამ ამოხვევის დროს მოხდა აფეთქება, თავიდან მეგონა რომ წინიდან მესროლეს, ფიზიკური ბევრი დაზიანება არ გვაქს, ახლა შევამჩნიე და მითხრეს, რომ სამი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში საკაცით. მანქანის უკანა ნაწილი სრულიად მოგლეჯილია, როგორც ჩანს უკან მოგვყვებოდა ის ვინც დააჭირა დისტანციონს. მე არ მინდა ჯერ ბოლომდე ვთქვა იყო თუ არა მუქარა, ამას ნელ-ნელა მოვყვები ეს არ იყო პირდაპირი მუქარის ზარები ეს იყო უფრო ბინძური მუქარა, ყველას უნდოდა რომ გაზზე ყოფილიყო ჩემი მანქანა, მაგრამ ის არაა გაზზე და დარწმუნებული ვარ ეს მართლა აფეთქებაა და ნამდვილად დისტანციური მართვით მოხდა აფეთქება. ყველას ვეტყვი, რომ არ შევფერხდები და ისევ გავაგრძელო საქმინობას ჩემს მეგობრებთან ერთად დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას რვა ოქტომბერს, დღეს მეც რომ არ ვყოფილიყავი ცოცხალი ეს მაინც ასე იქნებოდა ამის პირობას გაძლევთ“- განაცხადა გივი თარგამაძემ "რუსთავი2"-თან სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე მოხდა. აფეთქების დროს გივი თარგამაძე საკუთარ მძღოლთან ერთად ავტომობილში იჯდა, თუმცა არც ის და არც მძღოლი არ დაშავებულან. საავადმყოფოშია გადაყვანილი სამი გამვლელი.