www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:42 17.12.2015
რაინდო ლევანა, ერთი შენ გიბრაგუნებდეს ოჯახის წევრი და მერე ვნახავდი შენს ლექსებს...
პრესა.ჯი

ამ ორიოდე თვის წინ, რაინდმა ვასაძემ, აი იმ რაინდმა, პატრიარქი განსაკუთრებით რომ ლოცავს ხოლმე, ვაჟკაცობა, ანუ რაინდობა შეუქო ჯაჭვლიანს, გამოხტა და დააგუგუნა, აღფრთოვანება მინდა გამოვხატო ჯაჭვლიანის იმ საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ, ანტიდისკრიმინაციულ კანონის ჩასწორების თაობაზე რომ შეიტანაო.

ეს აღფრთოვანებაც არ აკმარა და ლამის ათენში გააქცუნა ოლიმპოზე ასაყვანად - ჯაჭვლიანმა უპრეცედენტო, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაშიო. რა ქნას აღფრთოვანებულია, სადაცაა ლექსების ციკლს შეგოგვთავაზებს -„ქებანი ჯაჭვლიანისა“. არადა, როგორ არ შეასხას ხოტბა - ჯაჭვლიანი ხომ  მარტო შემოტანილ პროდუქციას არ ებრძვის, გაუგებარ უცხოურ ტერმინებსაც ხომ ემტერება? და არ გაინტერესებთ რა ყოფილა ეს გაუგებარი ტერმინი? „გენდერული იდენტობა“.

რაც მათთვის გაუგებარია, და რაც თვით ბიძინამაც ბოლო პერიოდში გაიგო („გენდერული“), თურმე კანონიდან ამოსაგდებია. დიახ, იმას მტრობს რაც არ ესმის, თორემ თავად კარგად გეახლებათ უცხოურ ბრტყელ-ბრტყელ ტერმინებს, მაგალითად, მედია და არასამთავრობო სექტორი რომ დაადანაშაულა ოჯახური ძალადობის თემის ოჯახების დასასუსტებლად შემოგდებისათვის, მთელი რიხით დაარახუნა - მაგათ „ფაშისტური იუვენალური იუსტიციის“ გაძლიერება უნდათო.

მოკლედ, ზოგ მისთვის გაუგებარ უცხო ტერმინს შუასაუკუნეების რაინდის შემართებით ებრძვის, ზოგს თავად არახუნებს, მაგრამ გაეგება კი ან იმ დარახუნებულის მნიშვნელობა? აგერ, გუშინწინ ერთ-ერთ არხზე გამოიჯგიმა და დასჭექა - მორალის, ზნეობის, ოჯახის საკითხებში დასავლეთი პერსონა ნონ გრატა უნდა იყოსო.

მთელი ქვეყანა ლექსო ჭიკაიძეს იმაზე იგდებდა მასხარად, თალიბანი რომ პიროვნება ეგონა, და ამას, ამხელა ფილარმონია რაინდ კაცს დასავლეთი პერსონა ჰგონია, რომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება შეიძლება. ვიღაც დაარაკუნებს - გადატანითი მნიშვნელობით თქვა, კუდს ნუ აბამო. კარგით ახლა, გადატანითი მნიშვნელობთ არა, მეტაფორულად კიდევ... მეტაფორებს ეგ თავისი „დიადი“ პოეზიისთვის ინახავს...

და არ გაინტერესებს თურმე რატომ უნდა იყოს დასავლეთი პერსონა ნონ გრატა?  თურმე გაიგო, რატომ უნდა გვასწავლიდეს დასავლეთი ასფალტების დაგებას, ისიც გაიგო, ბორმანქანის თუ თვითმფრინავის კეთების ტექნოლოგია რომ უნდა გადმოვიღოთ დასავლეთისგან, მაგრამ, მოკალი და არ ესმის რატომ უნდა გვასწავლიდეს დასავლეთი ბავშვების გაზრდას.

რაინდ ვასაძეს რომ კითხო დასავლეთს ინჩი-ბინჩი არ გაეგება განათლების სფეროში, რაც სცოდნია ისიც დავიწყნია და თურმე ჭკუას არ უნდა გვასწავლიდნენ: „შენ, შე მამაძაღლო, რომ მოდიხარ და განათლების სამინისტროში ამ შენი ჭინკა არასამთავრობოებით მინერგავ რაღაც საგნებს - როგორ გავზარდო ბავშვები, რა კომპეტენცია გაგაჩნია? შენს თავს შეხედე რა, სარკეში ჩაიხედე.“

დასავლეთს ისე ელაპარაკება, გეგონება დასავლეთი მამამისის ქვეშაფსია პაციენტი იყოს.

თურმე ნუ იტყვით და დასავლეთს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია ამ სფეროში, არც უნივერსიტეტები დაუარსებია და აუყვავებია შუასაუკუნეებში, არც ბალღები არ აღუზრდიათ საუკუნეთა მანძილზე, ჰო, რა, თურმე ამ ევროპელებს ბავშვები ისე გაუშვიათ ნებაზე, როგორც გოჭებს უშვებენ ზემო იმერეთში ტყეში... დასავლეთს არა და, თვითონ კი აქვს კომპეტენცია, უძვირესი სკოლა რომ გახსნა და ბავშვებს თონეში პურის ცხობას რომ ასწავლის.

ეს ყოფილა აღზრდა და იქით დასავლეთმა უნდა მიბაძოს ლევანა ვასაძეს. რაში? მიხვრასა და მოხვრაში, ჩოხა-ახალუხის ჩაცმაში, ლექსების გამოთქმით თქმასა და ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოების ჩამორაკრაკებაში...

 თურმე რაინდი ჩვენი გამორჩევით გადასავლელების მომხრეა, სახელიც გამოუძებნია, ნათლიობა უკისრია -  „სელექციური ვესტერნიზაცია“, ჰოდა, თურმე ამ სელექციურ ვესტერნიზაციას მივაწვეთ, დასავლეთს ვუთხრათ, რომ ძმაო მაგრები ხართ ასფალტის დაგებაში, მაგრამ არც ერთმა ფლიდმა და დემაგოგმა არ უნდა გვითხრას, რომ თურმე ასფალტს იმიტომ აგებენ მაგრად, ამდენ ოჯახებს რომ ანგრევენ.

ჰოდა, თურმე, რიგ საკითხებში დასავლეთს ტაბუ უნდა ვგლიჯოთ და პერსონა ნონ გრატა უნდა იყოს -„პირველ რიგში, ყველაფერში, რაც შეეხება მორალს, ზნეობას, ოჯახის აღწერას“.

ოჰ, ეს გარყვნილი, უზნეო და ოჯახის ინსტიტუტის გამფარჩაკებელი ევროპა... განა ვინმე დაიცავს იქ ოჯახის ინსტიტუტს ისე მტკიცედ და უდრეკად, როგორც აქ ჩვენთან იცავს ლევან ვასაძე? ახლა, ოჯახურ ძალადობას როგორ ებრძვის ეს ჩვენი რაინდი? თურმე ოჯახური ძალადობის თემა  შემოგდებული თემა ყოფილა - ოჯახის შესასუსტებად.

არა, განა იმას უარყოფს რომ ოჯახებში ძალადობაა, არა, უბრალოდ ოჯახის ამბების გარეთ გამოტანის წინააღდეგია - ამ თემის ასეთი ჰიპერტროფირებული წამოწევაო... ანუ, ნუ აშუქებთ, ნუ პედალირებთ, სოცმუშაკების როლის ზრდა და ოჯახის დასუსტება ნუ გინდათო.

რაინდო ლევანა, ერთი შენ გიბრაგუნებდეს ყოველდღე რომელიმე ოჯახის წევრი და მერე ვნახავდი შენს ლექსებს...  მოკლედ, აღიარებს რომ ოჯახებში ძალადობა ხდება, ქმრები ცოლებს ჟუჟავენ, მაგრამ არ უნდა გაშუქდეს - წმინდა კერა არ შეიბღალოს. ახლა იმას არ იტყვით რაინდი რას ან ვის აბრალებს ამ ძალადობას? ლათინოამერიკელ სილიკონებჩადგმულ ქალებს და იმათ კოცნაობას, რომელსაც აგერ 25 წელია აყურებინებენ გლეხებს.

რაინდო ვასაძევ, შე განსაკუთრებულად დალოცვილო, ლათინოამერიკელი ქალების ბრალია ცოლებს რომ უტყამენ და ხოცავენ? რატომ ხოცავენ, იმათსავით ლამაზი რატომ არ ხარო? თუ ცოლები „სილიკონების ჩადგმაზე“ უარს არიან და ქმრები ხოცავენ - უსილიკონოდ არ გვჭირდებითო?

მაგრამ რა უნდა მოსთხოვო ლევან ვასაძეს, რომელსაც მე მგონი, მარტო ბედნიერებამ კი არა ლოგიკამაც უთხრა - ნუ მეძებო. ეს ის კაცია, რომ გამოხტა და გვითხრა, საქართველო მეოთხედ რუსებმა გააერთიანესო, ჯერ ფარნავაზმა, მერე ვახტანგ გორგასალმა, შემდეგ დავით აღმაშენებელმაო.

რაინდო ვასაძევ, ბაგრატ მეოთხე ვინ ამოგაგდებინა მაგ სიიდან? ლიპარიტ ბაღვაშმა დაგიმესიჯა ზეციური საქართველოდან? ან ვინც დაასახელე, იქიდან ერთიანი საქართველოს მეფე მარტო დავითია, ფარნავაზი და გორგასალი იბერიის მეფეები იყვნენ, იბერიის. და რაც მთავარია, რუსეთმა რანაირად გაგვაერთიანა? თბილისის და ქუთაისის გუბერნიებად რომ შეგვიწოვა იმპერიაში?

აბა სხვა რა ქნას, როგორ მოგვაწონოს რუსეთი და როგორ შეგვაძულოს დასავლეთი, ამერიკა? მაგას რომ კითხო, თურმე ერთმორწმუნე რუსები კულტურულადაც და ზნეობრივადაც ჩვენი მტრები კი არა, ჩვენი მოკავშირეები ყოფილან და დაპირისპირებამდე ამ ერების მტრული ძალების ჩალიჩის შედეგად მივსულვართ. შენ დაგეწამლოს ვოვა მაგ მოკავშირეობაში ლევან რაინდო. თურმე ამერიკას უჩალიჩია, აშშ-მა იჩალიცა რომ რუსებს მიწები მიეტაცა.

მარტო ჩვენ კი არა, თურმე დღევანდელ დასავლეთს კაცობრიობა უფსკრულისკენ მიჰყავს. ბრაზობს რაინდი, კაცობრიობა, ან თუნდაც ჩვენ, სრულიად ქართველობა ზეცაში რომ არ მიჰყვება ექსკურსიაზე, არადა, როგორ უნდა რომ ექსკურსიამძღოლი, გიდი იყოს, გამოიწკიპოს ჩოხა-ახალუხში და გაუძღვეს კაცობრიობას თუ არა, საქართველოს მაინც ბედნიერების საძებნელად...

მაგას  რომ კითხო,  თურმე, საქართველოს მოღალატეა ის, ვინც უკრაინას უჭერს მხარს, იმიტომ რომ თურმე სლავი ძმები, ეთნოგენეტიკურად ერთი ხალხი ხოცავს ერთმანეთს და აქედან ჭიჭყინი  და უკარაინის მხარეს ყოფნა საქართველოს ღალატია. ვასაძეს რომ ჰკითხო, მაიდანი ამერიკელების მოწყობილი სისხლიანი გადატრიალება ყოფილა, და იცით როგორ მოუწყვია აშშ-ს ეს გადატრიალება? ფუნთუშებით. ვიქტორია „ნორლანდი“ (არადა ნულანდია) დადიოდა და ფუნთუშებს არიგებდა კიევის ცენტრში...

მაგას რომ კითხო, 17 მაისს მსხვერპლი ეგ იყო. სიტყვა-სიტყვით ასე ბრძანა: „17 მაისს ვიყავით აგრესიის ობიექტი ლიბერალური იდეოლოგის მხრიდან“... იყო ჯალათი და თავი მსხვერპლად მომაჩვენო, არის ამაში რაღაც მეფური თუ არა, რაინდული მაინც...

თავად რაინდობას გამოკრა ხელი, და თუ იცით, დასავლეთის განათლების დამწუნებელ ვასაძეს რა უნდა სხვების შვილებისთვის?  თურმე უნდა შექმნას ქალაქელ ხელოსანთა ამქრები, უნდა ხდებოდეს მათი წევრების ოსტატობის ხარისხის დადგენა და მინიჭება. და თურმე ეს იქნება ბიზნესიც და კულტურაც, სერიოზული საქმეცა და სახალისო ღონისძიებაც. თურმე - „გამოსულ ქალაქელებს უნდა ეამაყებოდეთ ამ ყარაჩოღელობაში თავიანთი შვილების მიცემა“. 

რა ქნას, ფონი ხომ უნდა ჩოხა-ახალუხით რომ გაივლ-გამოივლის? ჯერ ყარაჩოღელები მოინდომა, მალე კინტოებსაც „დააზაკაზებს“...

მოკლედ, შორს წაგვიყვანს მისი აზრების დევნა... ცალკე თემაა, საერთოდ რატომ უნდა უსმენდეს ან მედია, ან საზოგადოება მაგის „სიბრძნეებს“.. მხოლოდ იმიტომ რომ ფულიანი კაცია?

მან თავისი „სიბრძნისმეტყველება“ ბოლო რამდენიმე წელია რაც აამუშავა, ამ ამუშავებამდე კი რამდენი იწვალა და როგორ გაისარჯა? რომ მერე ამ ყველაფრისთვის გვესმინა? 

ეს მთელი პიარ-სტრატეგიაა, როგორ გახდე პოპულარული და მოიპოვო ნდობა საზოგადოებაში. როგორ მოიპოვა ვასაძემ?  წლების მანძილზე პოპულისტური ქცევებით, „მოდნი“ მანერებით, ჰეროიკული გამოხდომებით, რა თქმა უნდა ფულიანობით, მუდამ ქართველობაზე აპელირებით, და რა გინდა რაინდობის მინიჭებამდე შეიქმნა რაინდი კაცის იმიჯი - იმიჯი ოჯახის კაცისა, კაცისა ფულიანისა, ყველაფერ ქართულის მოტრფიალისა, მორწმუნისა, ეკლესიების მაშენებლისა, ჩოხა-ახალუხით გამვლელ-გამომვლელისა, თამადისა, ლექსების დამწერ-მთქმელისა..

მერე რა რომ ეს ლექსები მძაღეა და მაღალ ხმაზეა ნაწერი, რაც მთავარია ხომ აუჩუყა გული მასებს?  ასე კაპიკ-კაპიკ დააბანდა ის კაპიტალი, რომ მერე ვინმეს მისთვის ესმინა და უკვე ის ეთქვა რასაც დღეს ამბობს ხოლმე - რომ რუსეთი თურმე ჩვენი მოკავშირეა, რომ თურმე რუსეთმა გაგვერთიანა...

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8896
EUR3.2028
GBP3.8004
RUB4.5482
თბილისი -1°-6°
ქუთაისი 7°-14°
ბათუმი 9°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia